ოფციონი ეს არის კონტრაქტი,რომლის გაფორმების დროსაც მყიდველი ან გამყიდველი იძენს უფლებას, გაყიდოს ან იყიდოს ინსტრუმენტი ოფციონში მითითებულ ფასად (რომელსაც Strike ფასს უწოდებენ) დროის რაღაც მომენტისათვის. ინსტრუმენტი, რომელზეც შეიძლება გაფორმდეს ოფციონი არის ჩვეულებრივი საქონელი, აქცია, უცხოური ვალუტა, ინდექსი და სხვა. ანუ მე თუ ვარ მყიდველი და ვაფორმებ აქციების ოფციონს მეორე მხარესთან, მაქვს უფლება ვიყიდო ოფციონში მითითებული აქცია მითითებულ ფასად რაღაც კონკრეტულ დროის მომენტში. ერთი ვარიანტია, რომ გამოვიყენო ეს ოფციონი მასში მითითებული დროის მომენტში (მას უწოდებენ ოფციონის maturity date-ს,ანუ როდესაც დგება მისი აღსრულების თარიღი). გამოყენების მიხედვით განასხვავებენ ევროპულ და ამერიკულ ოფციონებს. ევროპულია ზემოაღნიშნული ოფციონი, როდესაც მისი გამოყენება ხდება მისი აღსრულების თარიღის დროს ანუ კონკრეტულ მომენტში ,ამერიკულის დროს კი შეგვიძლია გამოყენება აღსრულების თარიღამდე ნებისმიერ მომენტში.
არსებობს ორი სახის ოფციონი: ქოლი (Call) და ფუთი (Put). ქოლ ოფციონი მყიდველის უფლებაა იყიდოს საქონელი ან ინსტრუმენტი მითითებულ ფასად მითითებულ დროს ან უფრო ადრე, ხოლო ფუთ ოფციონი გამყიდველის უფლებაა რომ გაყიდოს.
ოფციონის გაფორმებისას მყიდველი ან გამყიდველი იზღვევს თავს მოსალოდნელი ცვლილებებისგან და ცდილობს რისკის მინიმიზაციას. მაგალითად, თუ არ ვიცი აქციების ფასის ქცევა,გავაფორმებ ქოლ ოფციონს ანუ აქციების ფასის ზრდის შემთხვევაში გამოვიყენებ უფლებას ვიყიდო იგი უფრო ნაკლებ ფასად (ფასად,რომელიც მივუთითე ოფციონში ანუ Strike Price).
რადგან ოფციონი არის გამოყენების უფლება, ამ უფლების შეძენა გარკვეულ დანახარჯთანაა დაკავშირებული. დავუშვათ მყიდველმა გააფორმა ქოლ ოფციონი 100 აქციაზე, თითო აქცია ღირს $200 (Strike Price) და ოფციონის გაფორმების დანახარჯი 1 აქციაზე $2-ია,მაშინ აქციის მიმდინარე ფასი (იგივე საბაზრო ფასი) თუ გახდება მეტი $ 200-ზე, მაგალითად $250 მაშინ მყიდველი ოფციონს გამოიყენებს და იყიდის მას $200-ად, ასევე ექნება 2$*100=$200 ოფციონის გაფორმების დანახარჯი (ფასი) და დარჩება მოგებული თითო აქციაზე ($250-$200)-$2=$48,ხოლო თუ ნაკლები იქნება $200-ზე, არ გამოიყენებს ოფციონს და იყიდის აქციას ამ ნაკლებ ფასად ,თუმცა იგი დაკარგავს მისი გაფორმების დანახარჯს.
პრაქტიკული მაგალითისთვის განვიხილოთ Facebook-ის აქციებზე გაფორმებული ოფციონები.ქვემოთ მოცემული სურათიდან.ჩვენ ვხედავთ,რომ აქციის მიმდინარე ფასი არის $258.33 (Nasdaq მიხედვით), ასევე ვხედავთ რომ მონიშნული მაქვს ქოლ ოფციონები რომელთა ვადის გასვლამდეც (აღსრულების თარიღამდე) დარჩენილია 1 კვირა. ყოველ სთრაიქ ფასიან ოფციონზე მოცემულია შემდეგი ინფორმაცია,რამდენი კონტრაქტია ამ ოფციონზე დადებული, ჩვენ ვხედავთ რომ $235-ად გაფორმებულია 76 ოფციონი.ასევე moneyness განყოფილებაში ვხედავთ, რომ თუ ვიყიდი ამ ქოლ ოფციონს,მოვიგებ ფასის 9.03%-ს,რადგან სთრაიქ ფასი ნაკლებია მიმდინარე ფასზე. რაც შეეხება Ask და Bid ფასებს,ოფციონის ყიდვის დროს შენ იხდი Ask-ს და გაყიდვის შემთხვევაში იღებ Bid ფასს.
ოფციონის ფასი შედგება შიდა და დროითი ღირებულების ჯამისგან.შიდა ღირებულება ეს არის აქტივის მიმდინარე ფასის (ჩვენს შემთხვევაში აქცია) და სთრაიქ ფასის(Strike Price) სხვაობა.
ახლა მინდა გავარჩიო Delta მაჩვენებელი,რომელიც ქვემოთ მოცემულ სურათზე ბოლო სვეტშია მოცემული.ის გვიჩვენებს (განვიხილოთ აქციების ოფციონი),თუ როგორ იცვლება ოფციონის ფასი აქციების ფასის $1 ცვლილების საპირწონედ.ქოლებს აქვთ დადებითი დელტა 0-1 შუალედში,ფუთებს უარყოფითი.დავუშვათ თუ დელტა არის 0.3 ეს ნიშნავს,რომ როდესაც აქციის ფასი იზრდება 1 დოლარით,ქოლ ოფციონის ფასი იზრდება $0.3-ით. დელტა მაღალია in-the-money ოფციონებისთვის, რაც გულისხმობს, რომ ოფციონის საბაზრო ფასი მეტია ვიდრე მისი სთრაიქი და დაბალია out of the money ოფციონების დროს. ასევე მაღალია როდესაც ოფციონის აღსრულების თარიღამდე დარჩენილია მცირე დრო.
ასე,რომ დელტას მნიშვნელობა არის ალბათობა იმისა,რომ ოფციონი დამთავრდება in-the-money მდგომარებით.მისი საშუალებით ინვესტორს შეუძლია განსაზღვროს მაგალითად, აქციის ფასის ზრდის შემთხვევაში რამდენია მისი სარგებელი.ერთ-ერთ ჰეჯირების სტრატეგიად იყენებენ იმ რაოდენობის აქტივის ყიდვას, გაყიდვას(ჩვენს შემთხვევაში აქცია) რა რაოდენობითაც ყიდულობენ,ყიდიან ოფციონს.ჰეჯირების მიზნებისთვის იყენებენ ნეიტრალური დელტას დაჭერის სტრატეგიას,ანუ როდესაც დელტა ახლოსაა 0-თან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ,რომ ოფციონები გამოიყენება რისკის ჰეჯირებისთვის,ასევე ოფციონებით ვაჭრობა ხორციელდება მოგების მისაღებად.
Facebook კომენტარები